რამდენიმე საათის წინ გამოცემამ "Marca" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის 23 წლის თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას ინგლისურ "ჩელსიში" გააგრძელებს.
მორატა 2014 წელს მადრიდის „რეალიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, ოღონდ მასზე უფლებები ესპანურ გუნდს დარჩა. აღსანიშნავია რომ იმხანად ტურინული კლუბის თავკაცი ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ანტონიო კონტე გახლდათ.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მორატა მადრიდის "რეალს" დაუბრუნდა. ალვაროს სამსახურით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა, მათ შორის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
დღეს დილით ცნობილი გახდა რომ "რეალმა" ალვარო მორატა 75 მილიონ ევროდ შეაფასა და ლონდონის „ჩელსი“ ამ თანხის გადახდაზე თანახმაა. კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება და ალვარო მორატა კვლავ ანტონიო კონტეს დაქვემდებარებაში აღმოჩნდება.
Marca