ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მთელი დღის გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა თითქმის ყველა სოფელში დატბორა საყანე ფართობები. ამ დროის მონაცემებით ყველაზე დიდი ზარალია მიადგათ სოფელებს _ ჯუმათს და სილაურს.
_ სოფელ ჯუმათში ხიდთან მისასვლელი გზა მთლიანად წაღებულია, დატბორილია როგორც ცენტრალური, ასევე, შიდა გზები. ანალოგიური მდგომარეობაა სილაურში. ამავე სოფელში მცხოვრები ბადრი ხელაძის საკარმიდამო ნაკვეთი წყალმა წაიღო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც გამგეობის თანამშრომლებთან ერთდ სტიქიის ზონაში იმყოფება.
ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური _ ჩახერგილი გზების გაწმენდა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ჭანუყვაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით, გარდა მცირე მდინარეების ადიდებისა, სხვა პრობლემების შესახებ ინფორმაცია გამგეობაში არ შემოსულა:
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილური ჯგუფი სოფლების შემოწმებას ამ წუთებში ახორციელებს. ასევე, მოქმედებს ცხელი 551152244, 599068200, რომელზეც მოსახლეობას ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს და პრობლემის შესახებ გვაცნობოს, _ აღნიშნა ჭანუყვაძემ.
ოზურგეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.