"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის განცხადებით, პროკურატურამ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა.
როგორც რჩეულიშვილი აცხადებს, საქმე "მაგნოლიას" პროექტს ეხება, რომელიც 5 წლის წინ დასრულდა, იქ ახლა ხალხი ცხოვრობს და გაქირავებული აქვთ ბინები.
ამასთან, რჩეულიშვილის ინფორმაციით, ირაკლი მინდელს ამ საქმეზე უკვე ჰქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში, შეუფარდეს გირაო და სასამართლო მორიგებით დასრულდა.
"ბათუმში, სალომე ჩარკვიანთან 20 კაცი მივიდა პროკურატურიდან და სამ ბავშვთან ერთად დაიჭირეს და ბათუმიდან თბილისში ეტაპირებით გადმოჰყავთ. ირაკლი მინდელის დაკავების დეტალები არ ვიცი. გუკას დასაკავებლად ჩიტაძის ქუჩაზე მივიდნენ, მაგრამ გუკა გასული იყო. იმის შეგნებაც არ აქვთ, რომ ეს არის ჩემი შპს – 100%-ით და თუკი ფული დახარჯეს, ამაზე მე უნდა მეჩივლა გუკასთვის, ირაკლისთვის და სალომესთვის. აქ სახელმწიფო არაფერშუაშია. ერთს ვადასტურებ, რომ არასდროს ფული უნებართვოდ არ აუღიათ, რადგან ეს იყო ჩემი ფული, მე უნდა მეჩივლა, მე ვარ მხარე. წარმოიდგინეთ ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი მე რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ", _ აცხადებს მაია რჩეულიშვილი.
კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია და ამ კონტექსტში ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებზე საუბრობს.
"საერთოდ ეს საქმე არის პოლიტიკური – არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჩემს დას საქმე აღუძრა, ერთ-ერთ ობიექტზე ჩვენი პარტნიორი იყო. მან წარმოუდგენლად უხეშად გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ნახევარი სახლი იყო ჩვენი, ნახევარი – აჩიკო კბილაშვილის. სახლის, რომელიც ჩვენ უნდა აგვეშენებინა და სადაც ჩვენ მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, ეტყობა მთლიანად გამორთმევა მოუნდა. ეს არის ჩემი, აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი", _ აცხადებს რჩეულიშვილი.