ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის სცენაზე მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასმა დრამა "ძახილი" წარმოადგინა. სპექტაკლის ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
"ძახილი" ნოდარ დუმბაძის მოთხრობების "დიდრო", "სისხლი" და "ძაღლის" მიხედვით დაიდგა.
"ჩვენ ეს სპექტაკლი ორი წლის წინ დავდგით, რომლის მიზანი იყო ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოებების ახალგაზრდობასთან მიტანა. წელს ოზურგეთში პირველად დაფუძნდა ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც ჩამოვედით სპექტაკლით "ძახილი". სიმართლე გითხრათ, ცოტათი ვღელავდით, რადგან ნოდარ დუმბაძის სამშობლოში მოვდიოდით. რაც მთავარია მაყურებელს მოეწონა ჩვენი სპექტაკლი და მადლობა გურულებს ამ სითბოსთვის." – გვითხრა რეჟისორმა და მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.
ახალგაზრდა მსახიობებმა, ირაკლი ბახტურიძემ, ვარლამ წიკლაურმა და ავთანდილ ლომიძემ, პროფესიონალმა მსახიობებმა ვაჟა ნიკოლაშვილმა და გალინა ხვიჩიამ კი მაყურებლის დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.
"ძალიან ვღელავდი სპექტაკლის დაწყების წინ, მაგრამ სცენაზე გასვლის შემდეგ ეს ღელვა მომეხსნა, რადგან მაყურებელმა კარგად მიიღო სპექტაკლი. მაყურებლისგან ძალიან დიდი სითბო მოდიოდა." – გვითხრა მსახიობმა ვარლამ წიკლაურმა.
სპექტაკლში ასევე ოზურგეთელმა პატარა მსახიობებმა: გიორგი ვადაჭკორიამ, გიორგი ჩხარტიშვილმა და შაკო მეფარიშვილმა ითამაშეს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ სპექტაკლის დასრულების შემდეგ მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასს სპეციალური პრიზი გადასცა, რომელიც ფესტივალისთვის სპეციალურად შეიქმნა.
"სადიპლომო სპექტაკლი გავაკეთე მესხეთის თეატრში. დავდგი სპექტაკლი "მოდი ვნახოთ ვენახი", სანდრო მრევლიშვილის პიესა იყო. ძალიან კარგად მიმიღეს და მიხარია, რომ დღეს მესხეთის თეატრის დასი ოზურგეთში იმყოფებოდა." – თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
მან "გურია ნიუსთან" მოკლედ შეაფასა სპექტაკლი "ძახილი."
" ძალიან კარგად გაართვეს თავი მსახიობებმა. განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობები მომეწონა, თუმცა ორი დამსახურებელი არტისტი იდგა სცენაზე – ბებიას და ბაბუას როლის შემსრულებლებზე მაქვს საუბარი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე აქტიურად თამაშობენ მესხეთში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს." – გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.
თეატრის კრიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა დადებითად შეაფასა სპექტაკლი.
"ბუნებრივია თვითონ ნაწარმოები არის ძალიან ემოციური და ეს ემოციები ძლიერად აისახა მაყურებელზე. ჩვენ უკვე ოთხი ინტერპრეტაცია ვნახეთ ერთი და იგივე ნაწარმოებების სცენაზე. მინდა გითხრათ, რომ ოთხივე იყო ძალიან გამორჩეული სამსახიობო ანსამბლით. თუმცა მე კონკრეტულად ამ სპექტაკლზე შთაბეჭდილება დამრჩა: ახალგაზრდა მსახიობები გაცილებით გულწრფელები არიან და უფრო მეტი ემოცია მოაქვთ, ვიდრე გამოცდილ პროფესიონალებს. მთლიანობაში ძალიან ემოციური სპექტაკლი იყო. "– გვითხრა ლაშა ჩხარტიშვილმა.
თეატრმცოდნე დავით ბუხრიკიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მსგავსი ფესტივალი თეატრის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"მესხეთის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის სცენოგრაფია ძალიან საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი. ასევე, ძალიან საინტერესო იყო ისიც, რომ ამ ფესტივალის დროს ჩვენ ვნახეთ, როგორ კარგად არის გამოყენებული სცენა, როგორ არიან ჩართული ფესტივალში ორგანიზატორები. ყველა ცდილობს, რომ ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩატარდეს." – გვითხრა დავით ბუხრიკიძემ.