"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჩხაიძე იმ პარლამენტართა ჩამონათვალში მოხვდა, ვისაც პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია. თემურ ჩხაიძე საქართველოს პარლამენტში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრია.
თეიმურაზ ჩხაიძის მსგავსად 2013, 2014 და 2015 წლებში საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია კიდევ რამდენიმე დეპუტატს: ლევან ქარდავას, ვალერი გელაშვილს, ზაზა კედელაშვილს, გოგი ლიპარტელიანს, ალი მემედოვს, ენზელ მკოიანს, კობა ნაყოფიას, რამაზ ნიკოლაიშვილს, გიორგი ფეიქრიშვილს, თამაზ ყაჭეიშვილს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, რევაზ შავლოხაშვილს, თენგიზ ხუბულურს. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშში.
რაც შეეხება 2015 წელს პლენარულ სხდომებზე ყველაზე ხშირად სიტყვით გამომსვლელებს, მათ, ვინც დასვეს კითხვა, კანონპროექტებთან და სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს, ესენი არიან: უმრავლესობიდან ეკა ბესელია – 113, ზურაბ ტყემალაძე – 93, გიორგი ვოლსკი – 91, ზაქარია ქუცნაშვილი – 86, გიორგი კახიანი – 80.
უმცირესობიდან – ხათუნა გოგორიშვილი – 112, ჩიორა თაქთაქიშვილი – 112, სერგო რატიანი – 85, აკაკი მინაშვილი – 71, დავით დარჩიაშვილი – 66.
სიტყვით გამოსვლის უფლებით 2015 წელს არ უსარგებლია პარლამენტის 26 წევრს. 2015 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა 124-მა პარლამენტის წევრმა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ მაღალია. 2014 წელს ამ უფლებით 114-მა დეპუტატმა
რატომ არჩევდა მდუმარებში ყოფნას ეს წლები ლანჩხუთის მაჟორიტარი, ამის გარკვევა უშუალოდ თეიმურაზ ჩხაიძესთან ვცადეთ, რომელიც პარლამენტის პლენალურ სხდომებზე თავის პასიურობას იმით ხსნის, რომ თავს მორიდებულ ადამიანად მიიჩნევს.
"რა ვიცი, ალბათ იმიტომ არ გამოვსულვარ სიტყვით, რომ საკმაოდ მორიდებული ადამიანი ვარ, არ ვარ თამამი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კომიტეტის სხდომებში საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობ. ისე, ეს წლები რაც მნიშვნელოვანი კანონები მიიღო პარლამენტმა, ყველაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი", -გვითხრა სატელეფონო საუბრისას თეიმურაზ ჩხაიძემ.