პარლამენტის წევრი ვიქტორ დოლიძე "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებულ სალომე ჩარკვიანს თავდებში უდგება. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა შევეხმიანო სალომე ჩარკვიანის დაკავების ფაქტს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე ჩემი მოქალაქეობრივი ვალია მოვახდინო შესაბამისი რეაგირება.თავს უფლებას არ მივცემ და გამოძიებასთან დაკავშირებით დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუმცა იმედი მაქვს, რომ პროცესი წარიმართება ღიად, ობიექტურად და არ დატოვებს ზედმეტ კითხვის ნიშნებს. მზად ვარ საქმის საბოლოო განხილვამდე პირადად ჩავუდგე თავდებში სალომე ჩარკვიანს მისი გათავისუფლების მიზნით და სრულად ავიღო პასუხისმგებლობა", _ წერს დოლიძე "ფეისბუკის" გვერდზე.