საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ბათუმის სასტუმრო "რედისონში" გამართა.
პრეზიდენტის განცხადებით, ლევან ბოძაშვილი უშიშროების საბჭოში მუშაობდა და მას მიუკერძოებელი და უმწიკვლო წარსული აქვს.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში ამჯერად მხარს დაუჭერენ.
"მას გააჩნია მართლაც მიუკერძოებელი, უმწიკვლო წარსული თავის საქმიანობაში. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არიან, გულისყურით მოეკიდებიან როგორც იმას, რომ საბოლოოდ, მესამე მოსმენით უნდა იქნას მიღებული კანონი სასამართლოს სისტემის შესახებ, ასევე, იმას, რომ მე უკვე წარვადგინე უზენაეს სასამართლოს სამი მოსამართლის კანდიდატურა და სასამართლოს სისტემას სჭირდება ეს მოსამართლეები", _ განაცხადა მარგველაშვილმა.