“გურია ნიუსი” რამაზ ნიკოლაიშვილის პრესსამსახურს მაია სიხარულიძეს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო მაია, რატომ არ იმყოფებოდა ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთში?
_ იცით, რა, ძალიან არალოგიკური კითხვაა. რას ჰქვია, რატომ არ იმყოფებოდა ნიკოლაიშვილი ოზურგეთში?
_ რატომ არის არალოგიკური კითხვა? ბატონი ნიკოლაიშვილი ყველგან დაყვება მიხეილ სააკაშვილს, მით უმეტეს გურია, სააკაშვილის თქმით, მას აქვს ჩაბარებული. გაგვიჩნდა უბრალოდ, კითხვა და არალოგიკური რატომ არის?
_ რა მაინტერესებს, იცით? სადაც პრეზიდენტია, იქ ყველგან უნდა იყოს ბატონი რამაზი?
_ ჩვენ არ ვამბობთ, რომ აუცილებელია, უბრალოდ, გეკითხებით.
_ მაშინ გიპასუხებთ, რომ არ ვიცი.
_ თქვენ არ იცით, მაგრამ იქნებ, ბატონ რამაზს ჰკითხოთ მიზეზი.
_ თქვენ დაურეკეთ, _ გვითხრა მაია სიხარულიძემ.
პრესსამსახურთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, “გურია ნიუსი” რამაზ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო რამაზ, რატომ არ იმყოფებოდით დღეს ოზურგეთში მიხეილ სააკაშვილთან ერთად?
_ ყველგან უნდა ვიყო ბატონ მიხეილთან ერთად? მე მაქვს კონკრეტული დავალებები, რომელიც დღეს უნდა შემესრულებინა. გურიაში ხშირად მომიწევს ყოფნა, ისევე, როგორც ყველა კუთხეში. თქვენ გაგიჩნდათ ეგ კითხვა, მე რატომ არ ვიყავი დღეს ოზურგეთში? სხვა საქმეები მქონდა მნიშვნელოვანი. კი, ბატონო, ესეც მნიშვნელოვანი იყო თავისთავად, თუმცა, დღეს ასე გადაწყდა, რომ უნდა ვყოფილიყავი ხაშურში, ამიტომ ზეგ ჩამოვალ გურიაში. პრობლემა მაგ კუთხით ნამდვილად არ მაქვს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. პრეზიდენტი გურიაში უჩემოდაც ყოფილა და კიდევ ჩამოვა, თუ მეპატიჟებით, ისე ჩამოვალ, მზად ვარ, როცა მეტყვით მაშინ ჩამოვალ, თუმცა, ამ დღეებს ნამდვილად გავატარებ გურიაში. საქმეები მაქვს, საკითხები მაქვს დასალაგებელი, მათ შორისაა ბახმაროს თემაც.
_ ბატონო რამაზ, თქვენ “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნეთ, რომ მაქსიმუმ, ერთ კვირაში დაიწყებთ ურეკში ინფრასტრუქტურის მოგვარებას…
_კი, კი, კი აბა, რა! მარტო ურეკზე არ მომიცია პირობა. თუ გაიგეთ, არ ვიცი _ დავიწყეთ სტადიონის კეთებაც, იყო ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ჩამოსული, მიმდინარეობს პროექტირება. ასევეა ურეკზეც. და რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ! – გვითხრა ნიკოლაიშვილმა.