"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერის საარჩევნო ოლქში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე იქნება.
კვიჟინაძე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარლამენტარია, რომელიც 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური ანგარიშებსაც ფლობს და სოლიდურ ქონებასაც.
პაატა კვიჟინაძის მფლობელობაშია 1830 კვ.მ. მიწის ფართი საჩხერეში; 2001 კვ.მ მიწის ფართი სოფელ სხვიტორში; ამავე სოფელში ის კიდევ ფლობს – 1008.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
მასვე ეკუთვნის 2 ბინა მოსკოვში _ ერთის ფართი 53 კვადრატია, ხოლო მეორეს _ 107. კვიჟინაძე მოსკოვში ასევე ფლობს 15 კვ.მ. ავტოფარეხს.
პარლამენტარის საკუთრებაშია რუსეთში, სოფელ სოლოსლოვოში 2000 კვ.მ. მიწის ფართობი .
კვიჟინაძე თბილისში, გლდანში, ახალი გზის მარჯვენა მხარეს თბილწყალკანალი-ის გარაჟის მიმდებარედ, 398.00 კვ.მეტრი ფართობის 50 % წილის მფობელია. დანარჩენს მისი მეუღლე ნინო გუნიავა ფლობს.
გუნიავას საკუთრებაშია ასევე ორი მშენებარე ბინა _ ერთი ფართობით 131.30 კვ.მ; ხოლო მეორე 120.90 კვ.მ.
გუნიავა ასევე ფლობს 177.70 კვ. მ. ფართის ბინას ჭავჭავაძის გამზირზე და ამავე მისამართზე 16 კვ. მ. ავტოფარეხს.
მასვე ეკუთვნის კახეთის გზადკეცილზე 2550.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, მაშინ როცა კვიჟინაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა, მას რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკში, "სბერბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 20000 დოლარი ჰქონდა, თუმცა, შემდეგ წლებში შევსებულ დეკლარაციაში რუსულ ბანკში შენახული ფული აღარ ფიქსირდება.