როგორ ამბობდნენ, ხელისუფლება ივანიშვილს “გასუფთავებულ” ბახმაროს პირდებოდა, რაც მოსახლეობისთვის საკუთრების წართმევას ნიშნავდა. მართალია, ივანიშვილს ბახმაროში ინვესტიციები არ განუხორციელებია, თუმცა, ბახმაროს გასუფთავება მაინც მოხდა _ 2010 წელს ბახმაროში, ასობით ადამიანს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე ჩამოართვეს საკუთრება.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ბახმაროსთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა, თუმცა, საქმე კონკრეტულ ქმედებებამდე არ მისულა:
_ კონკრეტულამდე არ მივსულვართ. სურვილი, რომ ამ გურიაში ძალიან კარგი კურორტის გაკეთება შეიძლებოდა, როგორც შეკვეთილში, ასევე, ბახმაროში, მქონდა, თუმცა, გასახლებაზე ან სხვა მსგავსზე საუბარი არ ყოფილა. ეს დრო იყო, ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აღარ მქონდა და პროექტებზე დახმარებებს აღარ ვთხოვდი. ეს ის სიტუაცია იყო, როცა თავად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ და ჩემი გახორციელებული პროექტები აღარ აინტერესებდათ. კონკრეტულად, ვერ გეტყვით, რა ხდებოდა ბახმაროსთან მიმართებაში, შეიძლება, მსგავსი საუბრები მუშა ჯგუფების დონეზე იყო, მაგრამ მე ასეთ საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია, _ გვითხრა ივანიშვილმა.


































































