სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.
სიაშია სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები.
როგორც "ბიბისი" წერს, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალური არიან.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი.
ასევე დაკავებულია 6 ათასი სამხედრო, დათხოვნილია 9 000 პოლიციელი, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლეს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.