ვიქტორია სელევერსტოვა ოზურგეთელი გოგონაა. ის 15 წლისაა, სწავლობდა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში და გასულ წელს გადავიდა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. მისი დედა ილონა გურგენიძე ეროვნებით უკრაინელ მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ვიქტორიაც უკრაინაში დაიბადა 2000 წელს, თუმცა, მალე საქართველოში დაბრუნდნენ და დღემდე ოზურგეთში ცხოვრობენ. ვიქტორიას დედა ქალაქ ბათუმში მუშაობს და სწორედ ამიტომ, ვიქტორია გასულ წელს გადავიდა საცხოვრებლად დედასთან.
ვიქტორია სელევერსტოვა: "ჩვეულებრივად, სკოლაში, გაკვეთილზე ვიმყოფებოდი, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. შემოვიდნენ ფირმა "nev star"-ის წარმომადგენლები. ავდექით. მერე დასვეს ბიჭები. გოგონებში შემარჩიეს მე. მომცეს კასტინგის ფურცელი, რომელიც შევავსე და 4 ივნისს მათთან ოფისში გამოვცხადდი. გავიარე სათანადო მომზადება და 8 ივნისს კონკურსი ჩატარდა ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრში. ძალზე ბევრი მაყურებელი იყო. ბილეთები ერთი კვირით ადრე გაიყიდა. თავიდან სულ 19 გოგონა ვმონაწილეობდით. მერე სამნი გაგვიყვანეს. როცა ჯერ მესამე, მერე კი მეორე ადგილის მფლობელები გამოაცხადეს, მივხვდი, რომ პირველი მე ვიყავი. ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, მიხარია.
_ ვიქტორია, ამ გამარჯვებით რა ჯილდო მიიღე?
_ "nev star"-ის ფირმაში უფასო სწავლა. კიდევ არის შემოთავაზებები, თუმცა, ჯერ მეცხრე კლასში ვარ და მთავარი სწავლაა. ვეცდები, კაერიერაც ისე ავაწყო, რომ სწავლაში ხელი არ შემიშალოს.
_ ვინ გახდა "ვიცე მის აჭარა?"
_ მე-12 კლასის მოსწავლე ელენე ჩხაიძე.
_ კმაყოფილი ხარ თუ არა შედეგით და შენდამი დამოკიდებულებით კონკურსის მონაწილეთაგან?
_ რა თქმა უნდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. მრავალი მეგობარი შევიძინე. მიხარია, რომ არანაირ შურს და ინტრიგას ადგილი არ ჰქონია. ძალიან კარგად ვურთიერთობდი ყველასთან. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ამ საქმის ორგანიზატორის, გიორგი ბარამაშვილის. ჩემი სამოდელო კარიერა თუ აეწყობა, ის იქნება მიმართულების მომცემი, ჩემი აღმომჩენი, ასე ვთქვათ.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ოზურგეთის სახელით უნდა გამოსულიყავი?
_ ამჯერად არა. მე ოზურგეთელი ვარ, მაგრამ გასულ წელს გადავედი ბათუმში სასწავლებლად და სააგენტოს წარმომადგენლებმა სწორედ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მნახეს.
_სამოდელო კარიერის შეცვლაზე რა შემთხვევაში იფიქრებდით?
_ ამაზე ახლა არ ვფიქრობ და ვერც გიპასუხებთ.
_ რას ეტყვი შენს თანატოლ ოზურგეთელებს, რომლებიც უკვე გგულშემატკივრობენ?
_ ყველა ძალიან მიყვარს. მაქვს მათი იმედი. მე ოზურგეთელი ვარ, ბებია აქ ცხოვრობს. ოჯახი აქ არის და ბუნებრივია, ხშირად ჩამოვალ.