"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას" ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის შეფასებით, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ქვეყანაში გაზრდილია, ამის შესახებ ბაირახტარმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-ივნისის მონაცემების შეფასებისას აღნიშნა.
"საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში, საქართველოში, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 5705 მლნ დოლარი შეადგინა. რაც 20% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. აქედან იმპორტი 30 % -ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 12 %-ით შემცირდა.
საიმპორტო საქონელთა ჯგუფში ლიდერობს სამკურნალო საშუალებები, რომელთაც მთლიანი იმპორტის 34%-ი უჭირავს (1614 მლნ დოლარი). ამ ჯგუფში კი „ლომის წილი“ მოდის C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტზე (1486 მლნ დოლარი). რომელიც საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადაეცა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა იმპორტ-ექსპორტის უკანასკნელი მონაცემების მნიშვნელოვანი კორექტირება.
იმპორტის ზრდის კუთხით, ასევე გასათვალისწინებელია ნავთობ პროდუქტების იმპორტი, რომელსაც უმსხვილეს საიმპორტო საქონელთა ჩამონათვალში მეორე ადგილი უჭირავს (243 მლნ დოლარი). რაც საერთო იმპორტის რაოდენობის 5% აღწევს. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ქვეყანაში საწვავის მოხმარება საგრძნობლად იზრდება, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს. ამას ცხადყობს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით 14,3 %-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ექსპორტის შემცირებას, ამ მიმართულებით საერთო კლების მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ. რაც თავის მხრივ გამოწვეულია რიგი საექსპორტო ბაზრების დაკეტვით. საქართველოში იმპორტირებული ავტომობილები, რეექსპორტზე ძირითადად გადიოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე. გასულ წელს აზერბაიჯანში ევრო ოთხის სტანდარტის შემოღებამ, მნიშვნელოვანად შეამცირა ამ ქვეყანაში, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ნაკადი. ამ მიმართულებით სომხეთის ბაზარი კი პრაქტიკულად ჩაიკეტა, სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ.
წლის ბოლომდე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა და საექსპორტო საქონელი მეტ-მაკლებად სეზონურია, სავარაუდოა, რომ შემდეგი თვეები ექსპორტის წახალისებისა და გაზრდის კუთხით უფრო აქტიური უნდა გამოდგეს" _ აცხადებს ანალიტიკოსი.