ცოტა ხნის წინ, წყნეთში ჩატარდა საქართველოს პირველობა ბალახის ჰოკეიში გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ აბაშის, წყნეთის, აჭარისა და ჩოხატაურის სასპორტო სკოლის გოგონათა გუნდები.
შეჯიბრება ჩატარდა წრიული სისტემით. აღნიშნულ ჩემპიონატში ჩოხატაურის სასპორტო სკოლის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასითა და სიგელებით. ამ ტურნირიდან დაკომპლექტდა საქართველოს გოგონათა ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩეხოსლოვაკიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს ჩოხატაურელი ბალახის ჰოკეისტი ქრისტინა ბარაშვილი. ქრისტინე ბარაშვილი საქართველოს მინდვრის ჰოკეისტ 12 საუკეთესო გოგონათა შორის დასახელდა.
ნორჩი ჰოკეისტი "გურია ნიუსის" კითხვებს პასუხობს:
_ ქრისტინე გააცანი მკითხველს თავი…
_ მე ვარ ქრისტინე ბარაშვილი, ვსწავლობ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში. მყავს ხუთი და-ძმა.
_ ქრისტინე, როდის დაიწყე ბალახის ჰოკეის თამაში?
_ ჰოკეის თამაში ორი წლის წინ დავიწყე.
_ ვინმემ გირჩია, თუ შენით გადაწყვიტე?
_ ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელი, ევროპის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელი ზურაბ ახალაძე ბალახის ჰოკეისტ გოგონათა გუნდს ავარჯიშებს. სწორედ მან მირჩია გუნდში მივსულიყავი.
_ ჩემი აზრით, ძნელი უნდა იყოს გოგოსთვის სპორტის ეს სახეობა?
_ არა, სრულებით არ მიძნელდება და ვფიქრობ, არც ერთ გოგონას არ უძნელდება თამაში. ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, მეტიც ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.
_ როგორც ვხვდები, სპორტული ცხოვრების გაგრძელებას აპირებ…
_ დიახ, ჩემი მიზანია და ამას აუცილებლად მივაღწევ, ბალახის ჰოკეიში წარმატებული სპორტსმენი გავხდე.
_ შენს ყველაზე დიდ წარმატებას რას თვლი ამ დროისთვის?
_ მე ვარ საქართველოს ნარების წევრი და ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს წარმატებაა.
ცოტა ხნის წინ ნაკრებთან ერთად გავიარე შეკრება ბორჯომში. ვემზადებით, ჯერ ევროპის ჩემპიონატისთვის, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებთან ერთად სამშობლოს ღირსებას არგენტინაში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დავიცავ.
_ ქრისტინე ნამდვილი მებრძოლი სულის გოგოა. მიუხედავად თავისი მორცხვი და მოკრძალებული ხასიათისა, ის მოედანზე ნამდვილ რეჟისორად გვევლინება _ თითონ გეგმავს, არჩევს თამაშის სტრატეგიას და ანაწილებს გოგონებს. მოედანზე ის ნამდვილი ლიდერია. იმედი მაქვს, ქრისტინეს სულ მალე ჯერ საქართველოს მთავარ გუნდში ვიხილავთ, შემდეგ კი გასცდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ბალახის ჰოკეისტ გოგონათა გუნდის მწვრთნელმა ზურაბ ახალაძემ.