აღნიშნული უწყებების მიერ პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული ბრალდებები და გამოყენებული სანქციები, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივ და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ან ვარაუდებს ეყრდნობა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სანქციათა შეფარდების პროცესი დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევასა და დაცვის უფლების სათანადო გახორციელებას.
მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა პლურალისტურ მედიაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითი დღე იზღუდება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.
გამომდინარე იქიდან, რომ კამპანიის მონაწილე ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარება, პოლიტიკური პროცესების სტაბილურობა, მივმართავთ:
საქართველოს პრეზიდენტს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა;
კონტროლის პალატას, შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში; უწყების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდეს სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებულ და სრულყოფილად გამოკვლეულ გარემოებებს; ერთნაირი ოპერატიულობით გამოიკვლიოს და ადეკვატური პასუხისმგებლობა მოითხოვოს არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა სამართალდარღვევებზე;
სასამართლო ხელისუფლებას, მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა; უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მისცეს მათ სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად; გაითვალისწინოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მაქსიმალურად უზრუნველყოს მსურველთა სხდომებზე დასწრება. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს თავისუფლების აღმკვეთი ზომების გამოყენებას;
პროკურატურას, ოპერატიულად შეისწავლოს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებიც მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასა და მედიის წარმომადგენელთათვის საქმიანობის ხელის შეშლას ეხება;
უწყებათაშორის კომისიას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, გასცეს რეკომენდაციები შესაბამის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე.
2012 წლის 13 ივნისი