პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარადგინა.
"ისე ჩაგველია ხელში ოთხი წელიწადი, გეგონებოდა ოთხმა დღემ გაიარა. მინდა გითხრათ, რაც მქონდა ჩაფიქრებული ჩოხატაურლებისთვის და გურულებისთვის ვერ მოვასწარი ობიექტური მიზეზების გამო. მომავალი ოთხი წელი მჭირდება იმისთვის ის ჩაფიქრებული გეგმები და პროექტები განვახორციელო", _ მიმართა ამომრჩევლებს თემურ ჭკუასელმა.
მანვე ბოდიში მოუხადა სოფლების სურებისა და ზემოხეთის მცხოვრებლებს.
"ბოდიშს ვუხდი სურების მხარეს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა გზის დასრულება, მაგრამ ყუნწზე არის საქმე მისული. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო სოფელ ზემოხეთში მცხოვრებლებს, ძალიან მინდა იქ გზის პრობლემა მოგვარდეს. ასევე გუთურის სკოლის პროექტი დასრულებულია და მინდა იქ აშენდეს სკოლა", _ განაცხადა ჭკუასელმა.
გიორგი კვირიკაშვილი უკვე მეორე დღეა გურიაში იმყოფება. პრემიერის ვიზიტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას უკავშირდება.