იორდანიის განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი მოჰამად თნეიბათი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია.
ცენტრის ხელმძღვანელობამ იორდანიის დელეგაციას ამ მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, კერძოდ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ასევე, რეფორმის განხორციელების პროცესში ცენტრის ფუნქციები და საქმიანობა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში.
ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.
იორდანიის განათლების მინისტრის განცხადებით, მისი სურვილი იყო განათლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისა გაზიარება, რის შემდეგაც მიიღო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაცია, გაცნობოდა საქართველოს გამოცდილებას.