"ქართული ოცნების" მხრიდან ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, საარჩევნო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძეც და რამდენიმე დღის წინ მისი საარჩევნო კამპანია ლანჩხუთში გახსნილად გამოაცხადა. იგი, ჯერჯერობით, პარტიული მხარდაჭერის გარეშე გეგმავს ფონს გასვლას. როგორც ირკვევა, ჩხაიძეს გამარჯვების იმედს საკმაოდ დიდი ნაცნობ-მეგობრების წრე აძლევს.
"ქართული ოცნებისა" და აკაკი ჩხაიძისგან განსხვავებით, პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა ამ დრომდე ვერ შეჯერებულა, თუ ვინ იქნება მათი რჩეული ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში.
ლანჩხუთელი "რესპუბლიკელის" რომან ბიწაძის ინფორმაციით ირკვევა, რომ დიდი ალბათობით, "რესპუბლიკური პარტიას" არათუ ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, საერთოდ, გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება:
"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოზურგეთელ და ჩოხატაურელ კოლეგებთან და შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი არ გვეყოლება. ჯერჯერობით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა", _ ამბობს რომან ბიწაძე.
ასევე, გაურკვეველია ჩოხატაური-ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" სახელით ვინ იბრძოლებს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის:
"ჯერჯერობით, არ გვაქვს გადაწყვეტილი, გვეყოლება თუ არა კანდიდატი ამ საარჩევნო ოლქში. საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები და უმოკლეს ვადაში გახდება გადაწყვეტილება ცნობილი. შევჯერდებით ხელმძღვანელობასთან", _ გვითხრეს პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისში.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ქუთაისში გურიიდან მხოლოდ ოზურგეთის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გურანდა მანაგაძის თქმით, ჯერჯერობით, ჩოხატაური-ლანჩხუთის კანდიდატის ვინაობაზე პარტიაში საბოლოოდ შეჯერებულები არ არიან:
"დიდი ალბათობით, "პატრიოტთა ალიანსს" ეყოლება თავისი კანდიდატი ამ საარჩევნო ოლქში. საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციები და დაახლოებით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გასაჯაროვდება, თუ ვინ იქნება ჩვენი რჩეული ამ ოლქში", _ გვითხრა მანაგაძემ.
მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებას არც "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ჩქარობს _ ლანჩხუთის ოფისში ამბობენ, რომ პარტიას ყველა საარჩევნო ოლქში, მათ შორის ჩოხატაური-ლანჩხუთშიც ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილი, დაახლოებით, 10 დღეში გახდება.
როგორც ირკვევა, დეპუტატობის კანდიდატზე საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არიან _ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა ამბობს, რომ მათი რჩეული, უკვე დასახელებული კანდიდატებისგან განსხვავებით, არ იქნება წარსულის პოლიტიკოსი და მისი ვინაობა ძალიან მალე გახდება ცნობილი.
ასევე, უცნობია, დაასახელებს თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატს "თავისუფალი დემოკრატები" _ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის, ვახტანგ ზენაიშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით, პარტიას ჯერ არ მიუღია. "თავისუფალი დემოკრატები" საამისოდ 10-დღიან ვადას ითხოვენ.