ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძესა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ლევან მგელაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატმა საკრებულოს სხდომის დასასრულს სიტყვა ითხოვა. ის დაინტერესდა, თუ რატომ დაიგო აკაკი წერეთლის ქუჩაზე მეორედ ასფალტის საფარი. ასევე, გააპროტესტა, ოზურგეთში აპოლონ წულაძის ქუჩაზე, 9 აპრილის სკვერში გზის გაჭრა.
მან ოზურგეთის მერი არაეფექტურ მუშაობაში, ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა. ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ხდება და რაც იკადრა ლევან მგელაძემ, მისთვის მიუღებელია. ის ბოლომდე არ დაესწრო მგელაძის სიტყვას და წასვლისას მისი მისამართით განცხადება გააკეთა: შენნაირ მდგომარეობაში მყოფი კაცი არ უნდა ინტრიგობდეს" – უთხრა მერმა ლევან მგელაძეს. მგელაძემ მერს პასუხად უზრდელი უწოდა.
ლევან მგელაძის განმარტებით, სიორიძემ თავის სიტყვაში იგულისხმა რამდენიმე წლის წიმ მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც მას შვილი და სიდედრი გარდაეცვალა.
ამ თემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" განაგრძობს მუშაობას და მერის კომენტარს, თუ რას გულისხმობდა ის, მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.
ასევე, რამდენიმე წუთში "გურია ნიუსის" ვებგვერდზე დაიდება ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს მერსა და დეპუტატს შორის მომხდარ დაპირისპირებას.