"რა შუაშია პირადი ტრაგედია?! _ კომენტარის დროს ვიგულისხმე ის, რომ ადამიანი, რომელსაც აცვია სტიქარი (ამ შემთხვევაში ლევან მგელაძეს), რომელიც მსახურობს ეკლესიაში, სიცრუის ტირაჟირებას არ უნდა ახდენდეს და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეყავდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციის მხრიდან ჩემი ფრაზების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. ლევან მგელაძე სტიქაროსანი გახლავთ და მისი რელიგიური ღირებულებებიდან გამომდინარე ის პროვოკაციით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ სიკეთეს უნდა თესავდეს." – აცხადებს ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე.
ის უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს და არა ბოროტებას, _ ასე ეხმაურება ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ლევან მგელაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მერმა საკრებულოს სხდომაზე პირადი ტრაგედია წამოაძახა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ბეგლარ სიორიძესა და ლევან მგელაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მგელაძემ მერი არაეფექტურ მუშაობაში და ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა.
_ "აკაკი წერეთლის ქუჩაზე ასფალტზე ასფალტი დააგეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ სკვერი ორად გაიჭრა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდით დეპუტატებმა,"_ აღნიშნა მგელაძემ საკრებულოს სხდომის დასასრულს.
"არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. შენნაირ მდგომარეობაში მყოფი კაცი არ უნდა ინტრიგნობდეს", _ უთხრა ბეგლარ სიორიძემ საკრებულოს წევრს.
ლევან მგელაძის განმარტებით, სიორიძემ თავის სიტყვაში იგულისხმა რამდენიმე წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც მას შვილი და სიდედრი გარდაეცვალა.