პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რვა წლის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება მომხდარი ტრაგედია და იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მეტად დაცული, აუცილებელია უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.
„რვა წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან. რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველა, უფრო და უფრო უკეთ ვიაზრებთ იმ გმირობას, რაც ჩაიდინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამოქალაქო პირებმა და რვა წლის შემდეგ ის ტრაგედიაც და ის ტკივილიც, ალბათ რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არის პასუხი გაცემული იმ უბედურებაზე რაც მოხდა. საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც მოხდა რვა წლის წინ, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ქართველი ხალხია ერთ მუშტად შეკრული და საკუთარი სამშობლოს დასაცავად კიდევ უფრო მეტადაა მობილიზებული.
ჩვენც ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. ამიტომ არის აუცილებელი ინტეგრაცია ნატოში. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალით და ნატოს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ, მაგრამ დანარჩენ საქართველოს ნატოს და ჩვენი მოკავშირეების გარეშე ვერ დავიცავთ. ამიტომ არის აუცილებელი უფრო მკვეთრი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და რაც შეიძლება მალე, ჩვენ აღარ გვქონდეს იმის განცდა, რომ შესაძლოა აღმოვჩნდეთ კვლავ მარტო აგრესორთან დაპირისპირებაში", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.