გული მწყდება, რომ სამხედრო მუნდირს შესაბამისი პატივს არ სცემენ და სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც მუნდირს ატარებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში არიან გამოყენებული, _ ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტზე ტრისტან წითელაშვილის შესვლის საკითხზე გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა გააკეთეს განცხადებები და ხაზი გაუსვეს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია რეჟიმის დარღვევაზე.
”სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც მუნდირს ატარებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში არიან გამოყენებული, რაც ერთგვარ ცუდ ფონს ქმნის ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრებისთვის. პოლიტიკურ პროცესებში მოქმედი თუ ყოფილი სამხედროები არ უნდა ერეოდნენ”, _ განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა და პროკურატურა ჩართულია პროცესში.
”ცხადია, მე გარკვეული ინფორმაცია მაქვს, თუ რასთან გვქონდა საქმე და აქ რაიმე მნიშვნელოვან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია”, _ აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.