“ქართული ოცნების” სახელით მოსახლეობას ხვდებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებმაც საზოგადოებას გააცნეს პარტიის სამომავლო გეგმები, თუ რის გაკეთებას აპირებს კონკრეტულად საქართველოს მოსახლეობისთვის “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მათი თქმით, პარტიის პროგრამები უკვე ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სფეროში, არსებობს მოსაზრებები რომელ სფეროში რა უნდა შეიცვალოს და გამოსწორდეს, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა მიმართულებით.
როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას აღინიშნა, ისინი არიან შუამავლები მოსახლეობასა და იმ ადამიანს შორის, რომელიც შეძლებს შეცვალოს და გამოასწოროს დღეს არსებული ვითარება.
– მინდა გითხრათ, თუ რას ამბობს ეს ადამიანი, რომელსაც ბევრი საუბარი და დაპირებები არ უყვარს, მაგრამ ბევრს აკეთებს… დავიწყოთ იქედან, რომ მინიმალური პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები; 220 ლარი, ეს ელემენტარული სამომხმარებლო მინიმუმია; სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები უფასო უნდა იყოს; საქართველოში დაბადებულ ყველა ბავშვს დაბადებისთანავე უნდა ჰქონდეს სადაზღვევო პაკეტი; უნდა გაიაფდეს საწვავი, დენის და გაზის გადასახადი. უნდა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ საქართველოში შესაძლებელია ნორმალური ცხოვრება, – თქვა სოფელ იანეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გივი ჭიჭინაძემ.
სოფიო კალანდაძე, იანეულის მედიაწიგნიერების ცენტრი