რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ჯილდო მოუპოვა.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. თავდაპირველად კუბელი მაგდიელ ესტრადა დაამარცხა, შემდეგ კი მის გზას შრი ლანკელი ჩამარა რეპიიალაჯი გაუყენა.
ქართველს ფინალში გასვლა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ მეოთხედფინალში მის წინაშე გადაულახავ ზღვარად დაუმარცხებელი იაპონელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონო აღიმართა. ობიექტურად ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ამჟამად ქართველზე ძლიერია და შავდათუაშვილმაც მასთან ვერაფერი გააწყო. მოგვიანებით იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
ლაშამ ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა და რუსი დენის იარცევი დაამარცხა. გუშინ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების ტრაგიკული თარიღი გახლდათ და ამ მოგებით ქართველმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებზე ერთგვარად შური იძია.
„დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა, გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, – _ თქვა შავდათუაშვილმა დენის იარეცევთან შეხვედრის შემდეგ.
მესამე ადგილისთვის პაექრობაში შავდათუაშვილმა ებრაელ საგი მუკის აჯობა.
შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ შავდათუაშვილი მეორე ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მოპოვება შეძლო.
დღეს ძიუდოისტთა ოლიმპიურ შეჯიბრში ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩაებმევა, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ავთანდილი ამ წონის უპირობო ლიდერია და მისგან ოქროს ჯილდოს ველით.
ქართველი თავდაპირველად კუბელ ივან ფელიპე მორალესს დაუპირისპირდება. მომდევნო წრეში სავარაუდოდ ბერძენთა ქართველს რომან მასტოპულოსს (რევაზიშვილი) შეხვდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში მისი სავარაუდო მეტოქე ბელგიელი ევროპის ორგზის პრიზიორი იოახიმ ბოტიე ან სერბი მსოფლიოს ფინალისტი სრდან მრვალჯევიჩი იქნებიან.
დღესვე ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს ნინო სალუქვაძე. ქართველი სპორტული პისტოლეტიდან ისვრის.
ცურვაში ირაკლი რევიშვილს ვიხილავთ, რომელიც 200 მ. ბრასში ცდის ძალებს.


















































q.jpg_20375.jpg)

















