"ქართული ოცნების" მთავარმა კოორდინატორმა აცანა-მამათი-აკეთის ზონაში, ამირან მორჩილაძემ რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ შტაბი დატოვა.
ლანჩხუთში „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის არჩევისას, ზოგიერთმა წევრმა პრეტენზია გამოთქვა მორჩილაძის მისამართით და მას დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატთან, აკაკი ჩხაიძესთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი.
მორჩილაძის თქმით, მან ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩააყენა საქმის კურსში „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაცია, რომ თუ დეპუტატობის კანდიდატად აკაკი ჩხაიძე დასახელდებოდა, ის თუნდაც ნათესაური კავშირიდან გამომდინარე (მორჩილაძე და ჩხაიძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან) ვალდებული იყო მის გვერდით დამგდარიყო.
„მე მქონდა საუბრები ამ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ და ვეუბნებოდი რომ უნდა წავსულიყავი, ორმაგი სტანდარტებით თამაში არ მიყვარს. არ დამიმალავს, რომ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ვუჭერ მხარს, ხოლო კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს“, – ამბობს ამირან მორჩილაძე და იმას, რაც „ოცნების“ შტაბში კვირას მოხდა მასთან მიმართებაში, დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევს.
ცნობისთვის, ამირან მორჩილაძეს ასევე საკმაოდ ახლო ნათესაური კავშირი აქვს ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად არჩეულ, გამგებელ ზაზა ურუშაძესთანაც.