დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების გახორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია _ „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში".
ბორჩაშვილი სირიაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს, სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პანკისის ხეობის მკვიდრი, 29 წლის დავით ბორჩაშვილი, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 2015 წლის ნოემბერში დააკავეს.