საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე გარდაიცვალა.
თავდაცვსი სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა.
"9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით . საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება" _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი დავით ლომიძის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.