ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ბეგლარ სიორიძეს 9 აპრილის სკვერში სამუშაოების ჩატარების შეჩერებასა და პირვანდელი სახით აღდგენაზე 52 ოზურგეთელმა მიმართა.
“ვფიქრობთ, რომ საჯარო განხილვის გარეშე ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის ტერიტორიის ხარჯზე საავტომობილო გზის მშენებლობის მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება გაუმართლებელია. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, ისეთი საჯარო სივრცეები, როგორიც არის პარკები, სკვერები, გამწვანებული ტერიტორიები და სხვა, არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. გზები, ქუჩები და ტროტუარები სწორედ იქ მისასვლელად გვჭირდება, სადაც ერთმანეთს შევხვდებით და მათ შორის, ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებების გაცვლის შესაძლებლობა მოგვეცემა. ამგვარად საჯარო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების აუცილებელი პირობაა. თუ არ გვექნება მოედნები, პარკები და სკვერები, არც ქუჩები და გზები დაგვჭირდება. საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და საცობებისგან გათავისუფლება არ არის იმდენად ღირებული საზოგადოებრივი სიკეთე, რომლისთვისაც პარკებს და სარეკრეაციო ტერიტორიების შემცირება და განადგურება ღირს.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ მერის ან თუნდაც საკრებულოს მიერ საჯარო განხილვების და საზოგადოების ჩართულობის გარეშე.
განცხადების 52 ხელმომწერი მოითხოვს, რომ შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება და აღდგეს 9 აპრილის პირვანდელი სახით; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავოს გეგმა და განახორციელოს 9 აპრილის პარკის რეაბილიტაცია; მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაში", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამ დღეებში უკვე შევიდა მერის სახელზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
“პროექტი, რომელიც ამჟამად 9 აპრილის სახელობის პარკში ხორციელდება, ქალაქისთის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო გადაადგილება.
ჩვენთვის მთავარი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ოპონენტების აბსურდულ მოსაზრებებს, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა შეფასებები, რომელთაც ცხრა წლის მანძილზე ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
ტყუილად ცდილობენ ქალაქის მერიის მიერ გახორციელებულ პროექტებს ჩრდილი მიაყენონ, რადგან საზოგადოება თვალნათლივ ხედავს განსხვავებას და ჩვენს საქმიანობას აფასებს", _ თქვა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.