დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს.
"დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ხვალიდან ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გააქტიურებისთვის. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია. სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა", _ თქვა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუს დროს.
მისივე თქმით, კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი და მიმართული იქნება მხოლოდ იმისკენ, რომ ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მივიდეს.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა დაიწყებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი აქტიურ კამპანიას რეგიონებში. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსამსახურში გვიპასუხეს:
“რა თქმა უნდა, არის დაგეგმილი რეგიონებში ჩასვლა და ახალგაზრდებთან შეხვედრა. პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება და მოხდება ამ კამპანიის დეტალების გაცნობა ახალგაზრდებისთვის“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.