ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა, რომ სასტუმრო "გურიას" მყიდველმა _ შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობამ" აუქციონის წესი დაარღვია _ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში უნდა დაეწყო სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ეს სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ კანონი არ დარღვეულა, უბრალოდ, პირობა დაირღვა:
"ერთი წლის ვადაში უნდა გახორციელებულიყო 800 000 ლარის ინვესტიცია და უნდა დასრულებულიყო გარეთა ფასადის მოწესრიგება. კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები, შემოსულია წერილი ქალაქ ოზურგეთის მერიაში და თუ კანონი არ დაირღვევა, ვეცდებით, ყველანაირი პირობა შევქმნათ პროექტის გასახორცილებლად. ისინი ითხოვენ ვადის გაგრძელებას. შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და კანონის ფარგლებში, მივიღებთ გადაწყვეტილებას", _ ამბობს ჩვენთან საუბარში ბეგლარ სიორიძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბეგლარ სიორიძეს ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად მოუწოდებენ, რომ აუქციონი უფრო მომგებიანია და ადგილობრივ ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შემოვა.
"რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელიც მუდმივად გვიკიჟინებენ, თუ რატომ გავცემთ იჯარით და აღნაგობის წესით ამა თუ იმ მიწის ნაკვეთს თუ შენობას, გეტყვით პირდაპირ _ ყველაზე მთავარი მიზეზი გახლავთ, რომ აუქციონის წესით უფრო ჭიანურდება საქმის გაკეთება. არ არის ჩვენი ქალაქი განებივრებული ინვესტორების რაოდენობით _ ჩვენ ერთი ვიცით, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შევუწყობთ ხელს, თუკი ქალაქში რაიმეს გაკეთებას დააპირებს. მინდა, ასევე გითხრათ, რომ აუქციონიდან ბიუჯეტით უფრო ნაკლები თანხა შემოდის", _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლევან მგელაძე ამბობს, რომ თუ კომპანიამ თავისი მოვალეობები ვერ შეასრულა, მაშინ საჭიროა, აუქციონი თავიდან ჩატარდეს: "შემსყიდველი თუ ვერ ასრულებს პირობებს, მაშინ აუქციონი თავიდან უნდა ჩატარდეს და ამ შემთხვევაში დაჯარიმდება შემსყიდველი. რა თქმა უნდა, კარგი არ არის, როცა დროზე არ შესრულდა სამუშაოები, მაგრამ კანონის თანახმად, ასე ხდება", _ ამბობს ლევან მგელაძე.
ლევან მგელაძე არ ეთანხმება ბეგლარ სიორიძეს, რომ აუქციონის წესით მიწის ნაკვეთის ან შენობის გაყიდვით ნაკლები თანხა შევა ბიუჯეტში: "არ ვეთანხმები ქალაქის მერს. მე ვრჩები იმ აზრზე, რომ აუქციონის წესით უფრო მეტი შემოსავალი შემოვა ბიუჯეტში", _ მიიჩნევს მგელაძე.
ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გაბრიელ ეპისკოპოსის და იოანე პეტრიწის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შპს სასტუმრო "გურია" ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ 2015 წლის 19 აგვისტოს იყიდა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირობებიანი აუქციონი არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით, 2015 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება იყო 101 112 ლარი. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა _ შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა". შესაბამისად, აუქციონში აღნიშნულმა შპს-მ გაიმარჯვა. კომპანიამ შენობაში 111 223 ლარი და 20 თეთრი გადაიხადა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობას" სათავო ოფისს, მაგრამ კომენტარის გაკეთება მთელი დღის მანძილზე ვერ მოხერხდა:
"პასუხისმგებელი პირები მნიშვნელოვან შეხვედრებზე არიან და აქედან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრეს კომპანიაში სატელეფონო საუბრისას.
"გურია ნიუსი" კომპანიის მხარის კომენტარს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.