გუშინ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოსტთა 90 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს სპორტულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.
ქართველმა ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო. თავდაპირველად ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი დაამარცხა, შემდეგ კი მის გზას ნაურუელი ოვინი უერა გაუყენა.
მეოთხედფინალში ვარლამმა მონღოლეთის წარმომადგენელ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს სძლია და ნახევარფინალში გავიდა სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი დონჰან გვაკი ელოდა.
ეს ორთაბრძოლა ქართველმა ჩინებულად წარმართა. ტიტულოვანი მეტოქე ორჯერ ვაზარზე დააგდო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
გადამწყვეტ პაექრობაში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი მიშუ ბაკერი გახლდათ. სამწუხაროდ დაძაბული ბრძოლა ამომავალი მზის ქვეყნის შვილის გამარჯვებით დასრულდა.
მედალოსნების ოფიციალურ დაჯილდოებაზე ლიპარტელიანი თავჩაქინდრული გამოვიდა და მის სახეს ცრემლი არ ჩამოსცილებია. სპორტსმენი მარცხს მძიმედ განიცდიდა. ეს ჩინებული მაგალითია იმ ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მიწების ნაწილი დაკარგეს და მოგვიანებით ტაშ-ფანდურებს აწყობდნენ. ვარლამი ნამდვილი გმირია და რიო-დე-ჟანეიროშიც დიდ წარმატებას მიაღწია.
გუშინვე ასპარეზობაში ჩვენი ჰოლანდიელი ძიუდოისტი ქალი ესტერ სტამიც ჩაება. გაქართველებული ევროპელი 70 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. თავდაპირველად მონღოლ ნარანჯანგალ ცენდ-აინუშს სძლია, მაგრამ მომდევნო წრეში დაძაბულ ბრძოლაში კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოაკლდა.
გუშინ იასპარეზა ტყვიის მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმაც. სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში ახალგაზრდა სპორტსმენი წარმატებით გამოვიდა, მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალურ ჯგუფში მოსახვედრად მხოლოდ ოთხი ქულა დააკლდა.
გუშინ ოლიპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს. ქუთაისელი სპორტსმენი ხმლით ფარიკაობაში ასპარეზობდა. თავდაპირველად ბრაზილიელი რენცო აგრესტა დაამარცხა. სამწუხაროდ მომდევნო წრეში სამხრეთ კორეელ კიმ ჯუნჰვანთან დამარცხდა.
გუშინ დაიწყო ქალ მშვილოდოსანთა შეჯიბრების ფლეი-ოფი. სამწუხაროდ ორივე ქართველმა მშვილდოსანმა წარუმატებლად იასპარეზა. იულია ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიასთან დამარცხდა, ქრისტინე ესებუამ კი ინდოელ დეეპიკა კუმარისთან წააგო.
დღეს ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს _ ძიუდოისტთა 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ვიხილავთ. ქართველი თავდაპირველად ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვსა და ირანელ ჯავად მაჰჯუბს შორის მოგებულს შეხვდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში მისი სავარაუდო მოწინააღმდეგე ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი იქნება.