თურქეთის განათლების სექტორიდან, სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 27 000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
თურქეთის განათლების მინისტრის, ისმეთ ილმაზის განცხადებით, თურქეთმა, გამოძიების ფარგლებში 27 424 ადამიანს განათლების სექტორში მუშაობის ნებართვა გაუუქმა.
"ხელისუფლებამ 27 424 ადამიანს სკოლებსა და ინსტიტუტებში მუშაობის ნებართვა, პარალელურ სტრუქტურასთან თანამშრომლობის გამო, გაუუქმა. ამ ადამიანებს აღარ ექნებათ საჯარო ან კერძო სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება", _ განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, "პარალელური სტრუქტურა" არის ტერმინი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო დაწესებულებების შიგნით გიულენის მიმდევრების აღსანიშნავად იყენებენ.
როგორც ცნობილია, გიულენი სასულიერო პირია, რომელიც უარყოფს თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას.