"ქართული ოცნების" ჩოხატაურის ოფისის წარმომადგენელმა, მამუკა ცინცაძემ, ჩოხატაურის საჯარო მოხელეებთან და მოსახლეობასთან მოსაუბრე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს "ქართული ოცნების" მაისური და გაზეთი გადასცა, რისთვისაც ნიკოლაიშვილმა მადლობა გადაუხადა. საჩუქრის გადაცემის შემდეგ, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა გუჯაბიძემ, ნიკოლაიშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ არ იყო წყალი ჩოხატაურში, როცა 3 მილიონი ლარი, წყლის რეაბილიტაციისთვის დავით ბაქრაძის სიმამრს, ლერი მეტრეველს ჰქონდა გამოყოფილი. საკითხის გარკვევისას, როცა ნიკოლაიშვილი გუჯაბიძეს პასუხებს სცემდა, საჯარო მოხელეებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე გუჯაბიძის მოსაზრებები საინტერესო არ იყო და ახსნა-განმარტება უკვე მოისმინეს მინისტრისგან. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს საუბრის თავიდან აცილება არ უცდია, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ცდილობდნენ, ეს საუბარი არ შემდგარიყო. მოსახლეობის სახელით, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო კანდიდატი, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ჯინჭარაძე და კულტურის ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი აქტიურობდნენ.