გუშინ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა.
ბერძნულ;-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში რობერტ კობლიაშვილი (85 კგ წონითი კატეგორია) და იაკობ ქაჯაია (130) ასპარეზობდნენ.
კობლიაშვილმა პირველ წრეში მექსიკელი ალფონსო ანტინიო ლეივა იეპე დაამარცხა.
მერვედფინალში ქართველი გერმანელ დენის კუდლას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, კობლიაშვილი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
იაკობ ქაჯაიამ თავდაპირველად ბრაზილიელ ედუარდ სოღომონიანს სძლია, შემდეგ კი მის გზას უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი გაუყენა.
იაკობი მეოთხედფინალში გავიდა და ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა. სამწუხაროდ, რუსი სერგეი სემიონოვის ბარიერი ვერ გადალახა და საჭიდაო ლეიბი დამარცხებულმა დატოვა.
გუშინ ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსანი ლაშა თორღვაიძეც გამოვიდა. ლაშა სამხტომელთა შეჯიბრში ასპარეზობდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე ცდა გააცუდა და რასაკვირველია, ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობაც არ მიეცა.
ძალოსანთა შეჯიბრში გიორგი ჩხეიძე ჩაერთო, რომელიც 105 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ქართველი B ჯგუფში გამოდიოდა. ატაცში 170 კგ აიტაცა, აკვრაში კი სამივე ცდა უშედეგოდ დაასრულა.
დღეს რიო-დე-ჟანეიროში კიდევ ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე (66კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98 კგ) იასპარეზებენ.
დღესვე ძალოსნობაში ირაკლი თურმანიძესა და ლაშა ტალახაძეს ვიხილავთ. ორივე ძალოსანი +105 კგ წონით კატეგორიაში გამოვლენ. სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ მედალს უწინასწარმეტყველებენ.
ძალოსანთა შეჯიბრი თბილისის დროით 22.30 საათზე დაიწყება.