დღეს, საქართველოს გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.
ზაზა საქართველოს არმიის კაპრალი იყო. აფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე. 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს, იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, გახორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.
საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.
2016 წელს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა.
ზაზა დამენია ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარე პარკშია დასაფლავებული.