ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე – voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.
ამ ეტაპზე, ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა ( მისამართის გარეშე რეგისტრირებული 23 988, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნილი 35 254 ამომრჩეველი).
ცესკოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ამომრჩევლის ხმის უფლების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება, ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით შევიდა, ხოლო მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემები ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ამომრჩევლების ხმის უფლებას უზრუნველყოფს.