_ ყველაფერი გაკეთდება, ცხოვრება შეიცვლება, პრობლემები მოიხსნება, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს _ ეს სიტყვები ხშირად გაისმის გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ტარდება და სოფლის მცხოვრებლების უმეტესობა ხან ოპოზიციის წარმომადგენლებს უსმენენ, ხან კიდევ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
მიხეილ სააკაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ხათუნა კალმახელიძე, ნოდარ სურგულაძე, გიორგი ვაშაძე, – ეს გურიაში სტუმრად ჩამოსული ხელისუფლების წარმომადგენლების არასრული სიაა.
კვირის დასაწყისში, კოალიცია “ქართული ოცნების” სახეები და აქტივისტები გააქტიურდნენ _ ნინელი ჭანკვეტაძე, მანანა კობახიძე, კახი კალაძე, მამა-შვილი ჯანსუღ და ხათუნა ჩარკვიანები, ქეთი დუმბაძე, ეკა ბესელია, ქეთი დოლიძე, ნუკრი ქანთარია, ბიძინა გუჯაბიძე, “ქართული ხმები და ა.შ. ისინი მოსახლეობას 17 ივნისისთვის უხმობენ და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციისთვის ემზადებიან. თეატრალური მოედანზე კი, სადაც აქცია უნდა ჩატარდეს, ახლა მიწის გორაკებია და არ არის გამორიცხული, რომ კვირას სარემონტო სამუშაოებიც გაგრძელდეს, რომელიც ახლა გაჩერებულია.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ სოფელ გურიანთაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. სურგულაძე ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა ოზურგეთში და ხშირად მოუწია საუბარი თუ რა რეფორმები გატარდა განათლების სისტემაში მინისტრის მოადგილეს ისიც კითხეს, _ პედაგოგების სასერთიფიკატო გამოცდებზე რამე შეღავათები თუ გატარდებაო, რაზეც უპასუხა: _ არანაირი შეღავათები, ერთი ის არის სიახლე, რომ ტესტირების დრო 30 წუთით გაიზარდა.
სურგულაძის შეხვედრის შემდეგ გურიანთაში, ნაძვნარში ოპოზიციონერმა ეკა ბესელიამ გამართა მოსახლეობასთან შეხვედრა და ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში ხდება. გუშინვე, დვაბზუში, მოსახლეობას ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე შეხვდა. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და ვრცლად ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც ხალხს აინტერესებდა. მათი შეხვედრიდან მეორე დღეს, დვაბზუში ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებთან, ამბულატორიისა და სოფლის რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებთან ერთსაათიანი შეხვედრა გამართეს.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ვლადიმერ ქვილორიამ ის პრობლემები ჩაინიშნა, რაც მათ აწუხებდა და დასძინა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უფრო მეტ საქმეს გააკეთებენ.
ვინ რას გააკეთებს, როგორ მოიგებს ხალხის გულს ხელისუფლება და ოპოზიცია ამას ოქტომბერში გავიგებთ. ხომ, გაგიგიათ წიწილებს ოქტომბერში ითვლიან, ასე, რომ წინ ცხელი ზაფხული და უფრო ცხელი შემოდგომა გველოდება, პოლიტიკური დუღილით.