“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება, რაც უკანონოა.
ხიდაშელის საარჩევნო შტაბის განმარტებით, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია და ბრძანება ამ დრომდე ძალაში რჩება.
”ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პრაქტიკულად, ყველა სოფელში, შეხვედრების დროს მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მიუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით. სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები, მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს.
ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინა ხიდაშელის მიერ, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა.
ამასობაში, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოუერთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და შესაბამისად, გაწვევა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი. გავთავისუფლდეთ მონური შრომისგან”, _ ნათქვამია შტაბის განცხადებაში.