გასულ კვირას, ბახმაროში დამსვენებლებსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ბაკურ შარაშიძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საქმეზე ძიება იმავე დღეს დაიწყეს და კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე დაკითხეს. უფრო მეტიც, საქმე გამოსაძიებლად აჭარის პროკურატურას გადაეცა, თუმცა როგორც გაირკვა შარაშიძის მხრიდან რელიგიური ნიშნით დევნას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია _ ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს მაყვალა მარკოიძე, რომელიც 20 აგვისტოს გაკეთებულ კომენტარს აღელვებას აბრალებს:
_ ალბათ, აღელვების ნიადაგზე გითხარი ისეთი რამ. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მე ჩოხატაურში ვიყავი და ზუსტად ისიც არ ვიცი, რა მოხდა. დაგვირეკეს, რომ კონფლიქტი მოხდა და ავედი ბახმაროში. ცემას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რელიგიური ნიშნით შარაშიძეს შეურაცხყოფა არ მოუყენებია. ეს იყო მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო საკითხზე დაწყებული კონფლიქტი, _ აღნიშნა მარკოიძემ, რომელსაც მისი ოჯახის წევრებიც დაეთანხმნენ და „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ სარწმუნეობის გამო მათთვის შეურაცხყოფა არც შარაშიძეს მიუყენებია და არც მის თანხლებ პირებს.