თბილისის მერის საკრებულოში მისვლის თარიღი საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ საკრებულოში შეხვედრა ამ კვირაში შედგეს. დავით ნარმანიას თქმით, საკრებულოში მისვლამდე ის შეხვდება ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათგან ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოისმენს.
"საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს. მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე, რომ აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. გარდა კონკრეტულად ამ საკითხებისა, მე ვისაუბრებ ზოგადად ჩვენი გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულების პოლიტიკაზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ გამწვანების კუთხით", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, აუცილებლად გადაიხედება ხეების ჭრის და ფორმირების საკითხები.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს დღეებში როდესაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ექსპერტებს შევხვდებით, გავაცნობთ მათ ჩვენს მოსაზრებებს და მათ წინადადებებსაც მივიღებთ, რათა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს წესები და ამას წარვადგენთ საკრებულოში, დოკუმენტის სახით", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.