ამ დღეებში კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერები შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტსა და სოფლებში.
გუშინ ქალაქ ოზურგეთის გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობასთან შედგა შეხვედრა, სადაც “ქართული ოცნების” აქტივისტებმა იქ შეკრებილი ადამიანებისგან უამრავი პრობლემის შესახებ მოისმინეს.
შეკრებილთა შორის იმყოფებოდა ამავე ქუჩაზე მცხოვრები ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი მარინა ინწკირველი. გავრცელებული ინფორმაციით, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, აღნიშნულ ადგილას არ გაჩერებულიყვნენ და სხვაგან ჩაეტარებინათ შეხვედრა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებს სახლების გადახურვა შესთავაზეს.
“გურია ნიუსი” მარინა ინწკირველს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, საიდან ჰქონდა ინფორმაცია სახლების გადახურვის შესახებ, რადგან ამ ქუჩის მოსახლეობა არსებული პრობლემის მოგვარებას დიდი ხნის წინ ცდილობდა და შედეგს ვერ მიაღწიეს.
მარინა ინწკირველი: _ მე, აქ ნუ დადგებითო არ მითქვამს, მთავრობა გვიკეთებს გვიხურავს სახლს და ნუ გვიშლით ხელს მეთქი, სხვა არაფერი არ მითქვამს. ნამდვილად არ მითქვამს, _ აქ ნუ დადგებითო, უბრალოდ ვუთხარით, ჩვენ სახლს გვიხურავენ ნაციონალები და გზას გვიკეთებენ. რა ხდება-მეთქი, _ შევეკითხე, მეტი არაფერი…”
გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, სახლის გადახურვას გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი დაპირდა მოსახლეობას და ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე უთხრეს.