თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში, დავით ნარმანიას ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“, _ აცხადებს ნარმანია.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.