თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის ანგარიშით გამოსვლას, სხდომაზე მყოფი რამდენიმე პირის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დავით ნარმანიას წინადადებას, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას ყაზბეგის 22 ნომერში ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე პირის პასუხისმგებლობის შესახებ, საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ხმამაღალი შეძახილებით მერის გამოსვლა ჩაშალეს. მათ შორის იმყოფებოდა ცოტნე გამსახურდია.
გამსახურდიას თქმით, მისი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მერი თავისი გამოსვლის დროს „ზღაპრებს“ ჰყვებოდა.
„დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, _ თქვა ცოტნე გამსახურდიამ.