კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო.
როგორც "გურია ნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 27 აგვისტოს მონაცემებით, დედოფლისწყაროში მოსახლეობისგან ყურძენს 2 ღვინის საწარმო იბარებს და გადამუშაშავებულია 72 ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 11 ტონა რქაწითელი, 19 ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 73 ათასი ლარი მიიღეს.
სამინისტროს ცნობით, კახეთში გადამუშავებულია 1,3 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა 916 ათას ლარს მიაღწია.
„მიმდინარე წელს კახეთში მოსალოდნელია 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, საიდანაც, წინასწარი პროგნოზით მოხდება 150 ათას ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება. რთველის პროცესში ჩაერთვება 100-მდე ღვინის კომპანია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 30 ღვინის კომპანია“, _ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რთველის პროცესში, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
კახეთის რეგიონში: 1 კგ. რქაწითელი _ 0,45 ლარი ღირს; 1 კგ. კახური მწვანე _ 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავი _ 0,20 ლარი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული _ 2 ლარი.
ჩაბარებული ყურძნის საფასური ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე გაიცემა.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე _ 1501.