“ქართული ოცნების” გურიის კოორდინატორი ირაკლი ჩიქოვანი ამ წუთებში “თეატრალურ მოედანზე” სცენის მოწყობის პროცედურას აკვირდება. მან “გურია ნიუსთან” თქვა, რომ დღეს გურულების ამალა შეიკრიბება ოზურგეთში.
_ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით, ამის თქმის საშუალება გვაძლევს ის, რომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ მოსახლეობასთან, როგორც ქართული ოცნების კოალიციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს.
დღეს გურიაში იმყოფება 50 პოლიტიკოსი და ცნობილი სახე, ისინი გადანაწილდებიან და ჩაუდგებიან სათავეში აქციის მონაწილეებს.
_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბევრ ლანჩხუთელს აქვს აქციაზე დასწრების სურვილი, , მაგრამ იქ ტრანსპორტის პრობლემაა.
_ წამომსვლელი, მართლაც, ბევრია. ჩოხატაურშიც ანალოგიური მდგომარეობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, მათი ჩამოსვლა აქ უზრუნველვყოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი დახმარების გარეშე მოვლენ. სამწუხაროდ, იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა გადმოყვანას ვერ შევძლებთ, მაგრამ, მათ ვპირდებით, წინასაარჩევნოდ ყველასთან მივალთ, თითოეულ კართან დავაკაკუნებთ და ჩვენს სათქმელს მივიტანთ.
_ ბატონო ირაკლი, გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე შესაძლებელია არ გამოჩნდეს დავით ბერძენიშვილი. იმყოფება თუ არა ის საქართველოში და გამოჩნდება ს დღეს?
_ მე, ერთი კვირაა ვარ ოზურგეთში. სიმართლე გითხრა, რა ვითარებაა თბილისში და იმყოფება თუ არა ის საქართველოში, ზუსტად არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ის თბილისშია. ვიცი, რაზეც საუბრობთ, მაგრამ მაგ საკითხთან დაკავშირებით მე კომენტარი არა მაქვს და ის ბატონ დავით უნდა კითხოთ.
_ შესრულდება თუ არა დღეს მუსიკალური ნომრები? ბერა ივანიშვილი გამოჩნდება?
_ ღონისძიებიდან ღონისძიებამდე ყოველთვის სიახლეა. ფორმატი, საბოლოო ჯამში, ერთნაირია, მაგრამ გარკვეული სიახლე ახლავს. იქნება მუსიკალური ნომრები, ბერაც იქნება და ეს საინტერესო საღამო გურულებთან ერთად უნდა გავატაროთ.