საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
წელს პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.
ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; კომპიუტერებს, ასევე, მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.
წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა _ 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის _ 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის _ 2530 პორტაბელური კომპიუტერი;
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი.
სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის გარდა, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სოფელ ლამბალოს სკოლაში კი, სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს განახლდება.
კერძო სკოლები კი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.