შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული კ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1973 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, რუსთავში დააკავეს.
როგორც შსს-დან გვატყობინებენ, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).