„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პაატა მანჯგალაძე აღარ არის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი მიხეილ გოგოტიშვილი, მანჯგალაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა.
„გურია ნიუსი“ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებას, მაგრამ მისი ორივე ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში პაატა მანჯგალაძის მიერ ფრაქციის დატოვებას გვიდასტურებენ.
ცნობისთვის, გუშინ, განმუხურში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" დეპუტატობის კანდიდატები გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში წარადგინა.
სამტრედიაში დეპუტატობის კანდიდატი გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე იქნება.
პაატა მანჯგალაძე გურიაში წლების განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენდა და არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სიაში იყო და სწორედ ასე გახდა საკრებულოს დეპუტატი.




































































