საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე დაესწრო.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულთა ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო მრავალი წელია გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან.
30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო სრულიად საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.