ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ცესკოს №60/2016 დადგენილების საფუძველზე მიენიჭათ უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნებში ისარგებლონ იმავე რიგითი ნომრით, რომლის სარგებლობის უფლებაც მინიჭებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიზნებისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა, ისე საერთო ეროვნულ ან/და ადგილობრივ მაუწყებელებში განთავსებული ფასიანი და უფასო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს იმ რიგით ნომერს, რომლის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს, ამავე დადგენილების შესაბამისად, აქვთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება.
სოციალური და სხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციაs“, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.
ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი.
შესაბამისად, მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი და გაითვალისწინონ, იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს/ბლოკებს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო ასეთ ფაქტებს, დადასტურების შემთხვევაში, განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას", _ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.